
თუ ინფლაციის მიზეზი ასეთი მარტივია, რატომ
ვერ ხერხდება მისი მოთოკვა?
ინფლაცია მაკროეკონომიკური პრობლემებიდან ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პრობლემაა.
ინფლაცია ნიშნავს, რომ მიმოქცევაში გამოყენებულია ფულის ისეთი მასა, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი რაოდენობის საქონლითა და მომსახურებით. ასეთ შემთხვევაში ირღვევა თანაფარდობა გადახდისუნარიან მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. ერთიდაიგივე მოცულობის საქონლისა და მომსახურების შესაძენად მეტი რაოდენობის ფული იქნება საჭირო.
ინფლაცია განსხვავებულად მოქმედებს საზოგადოების სხვადასხვა სოციალურ ფენაზე. ყველაზე მძიმე დარტყმას იგი ღარიბ ფენებს და ფიქსირებული შემოსავლების მქონე ჯგუფებს აყენებს. მათი რეალური შემოსავალი მკვეთრად მცირდება ფასების ზრდისა და ფულის გაუფასურების გამო და ისინი იძულებულნი არიან იბრძოლონ ხელფასის გადიდებისთვის. მმართველი წრეები სოციალური კატაკლიზმების თავიდან აცილების მიზნით აკმაყოფილებენ მათ მოთხოვნებს, რისთვისაც მიმოქცევაში უშვებენ ფულის ნიშნების დამატებით რაოდენობას, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ინფლაციას, აუფასურებს ფულს, ზრდის ფასებს. ასე წარმოიშობა ე.წ. ინფლაციური სპირალი - მიმოქცევაში გაშვებული ფულის ნიშნების რაოდენობისა და ხელფასების პარალელური ზრდა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს და ახანგრძლივებს ინფლაციას.
ინფლაცია მრავალმხრივ ნეგატიურად ზემოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე. იგი ძირფესვიანად არღვევს კვლავწარმოების პროპორციებს, აიძულებს საზოგადოებას შეამციროს დანაზოგები და კაპიტალური დაბანდებები, ფულადი სახსრები ძირითადად პირველადი მოხმარების საგნების შეძენაზე დახარჯოს.
ინფლაციის პერიოდში მკვეთრად იცვლება მოსახლეობის ფულადი ხარჯების სტრუქტურა. მათი უდიდესი ნაწილი იხარჯება სასურსათო საქონლის შესაძენად. ვადიანი სამომხმარებლო საქონლის ხვედრითი წილი მოხმარების საერთო მოცულობაში მცირდება, რაც ცხოვრების დონის დაქვეითების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია.
ამასთან ძლიერდება წარმოების სფეროდან მიმოქცევის სფეროში კაპიტალის გადადინების ტემპები, ფართოვდება «შავი ბაზრისა" და ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები.
ინფლაცია აღრმავებს საზოგადოების სოციალურ და ქონებრივ დიფერენციაციას, იზრდება ღარიბებისა და ღატაკების რიცხვი. ზღაპრულად მდიდრდება მცირერიცხოვანი საქმოსნებისა და სპეკულანტების წრე. განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება მსხვილი კაპიტალისტების სასარგებლოდ ეროვნული შემოსავლების გადანაწილების პროცესი. მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან. ეს პროცესი საზოგადოების სოციალურ კატაკლიზმებს ამწვავებს. მოსალოდნელი სოციალური პრობლემების თავიდან აცილების მიზნით ხელისუფლება ამ პერიოდში მიმართავს ფიქსირებული შემოსავლების ინდექსაციას, მაგრამ ინდექსაციის დონე, როგორც წესი, ჩამორჩება ინფლაციის ტემპებს და ამიტომ დიდად ვერ ამსუბუქებს მუშა-მოსამსახურეთა და ფიქსირებული შემოსავლის შემყურე სხვა ფენების ეკონომიკურ მდგომარეობას.
ინფლაცია ამუხრუჭებს წარმოების პროცესს. სწრაფად იზრდება უმუშევართა რიცხოვნობა, მცირდება წარმოებული პროდუქციის მოცულობა, ეცემა სამომხმარებლო ბაზრის გაჯერებულობის დონე რაც იწვევს დეფიციტს. დასახელებული კიდევ უფრო აჩქარებს ფასების ზრდას და მინიმუმამდე ამცირებს მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას
ინფლაცია არღვევს და ანადგურებს ფულად-საკრედიტო სისტემას, ძირს უთხრის ფულადი დაგროვების ფორმირების პროცესს. ამიტომ ძნელდება საკრედიტო რესურსების მობილიზაცია და შესაბამისად ფერხდება ეკონომიკის მოზიდული ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა. ბანკებს ეკარგება გრძელვადიანი კრედიტის გაცემის ინტერესი, რადგან ფულის გაუფასურების გამო უფასურდება დაბრუნებული სესხის რეალური სიდიდე გაცემული სესხის სიდიდესთან შედარებით. ინფლაციისაგან თავის დაცვის მიზნით ბანკები აწესებენ მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, რის შედეგადაც წვრილი მეურნეობები პრაქტიკულად ვერ ღებულობენ კრედიტს, რაც ამწვავებს ეკონომიკურ კრიზისს, ზრდის გაკოტრებული საწარმოების რაოდენობას.
ინფლაცია უარყოფითად მოქმედებს სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაზე. იზღუდება მისი საშემოსავლო ბაზა, ხოლო ხარჯები იზრდება, რაც იწვევს ბიუჯეტის დეფიციტს, რომლის დასაფარავად ხელისუფლება იძულებულია გაზარდოს სახელმწიფო ვალი, დაუშვას ფასიანი ქაღალდების და ფულის ჭარბი ემისია.
ინფლაცია სავალუტო კრიზისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. იგი განაპირობებს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას. მისი კურსის დაცემას სხვა ვალუტასთან შედარებით, რაც უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის საგადასახდელო და სავაჭრო ბალანსებზე.
ინფლაციის გაძლიერება და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები აიძულებს ხელისუფლებას ეკონომიკის, ფინანსების, ფულის მიმოქცევის, კრედიტის, ხელფასების, უმუშევრობის, საერთაშორისო სავალუტო და საკრედიტო ურთიერთობების სფეროებში გაატაროს საგანგებო ღონისძიებათა კომპლექსი მათი გაჯანსაღების მიზნით. ასეთ ღონისძიებეთა სისტემას განეკუთვნება სახელმწიფოს საბიუჯეტო, საგადასახადო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომლებსაც ახორციელებს სახელმწიფო სპეციალურად შემუშავებული ეკონომიკური და სოციალური პროგრამების მეშვეობით. ამავე მიზნებს ემსახურება ფასებისა და ხელფასების სახელმწიფოებრივი რეგულირება, დეფლაციური ღონისძიებების გატარება.
თითქმის ყველა ტიპის ჰიპერინფლაცია, რაც დამახასიათებელია გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, ერთი სქემით მიმდინარეობს: მთავრობას აქვს დიდძალი ხარჯები, არადექვატური საგადასახადო შემოსავალი და სესხების აღების შეზღუდული შესაძლებლობა. ამის შედეგად იგი მიმართავს ფულის საბეჭდ დაზგას თავისი ხარჯების დასაფარავად. ფულის რაოდენობის მასიურ ზრდას მივყავართ მასიურ ინფლაციამდე. ინფლაცია მთავრდება, როდესაც მთავრობა ახორციელებს ფისკალურ რეფორმებს, ისეთებს როგორიცაა სამთავრობო ხარჯების მკვეთრი შემცირება,- რომელთა შედეგადაც ინფლაციის გადასახადის არსებობის აუცილებლობა ქრება.
მონეტარული ნეიტრალიტეტის პრინციპის თანახმად, ფულის რაოდენობის ზრდის ტემპის მატება ინფლაციის დონის ზრდას იწვევს, მაგრამ არც ერთ რეალურ ცვლადზე არ მოქმედებს. ამ პრინციპიდან გამომდინარე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა ეხება ფულის რაოდენობის ზემოქმედებას სარგებლის განაკვეთზე. სარგებლის განაკვეთის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია მაკროეკონომისტებისთვის, ვინაიდან ამ ცვლადის ზემოქმედება დანაზოგებსა და ინვესტიციებზე დღევანდელ ეკონომიკას მომავალ ეკონომიკასთან აკავშირებს.
თუ ინფლაციის მიზეზი ასეთი მარტივია, რატომ ვერ ახერხებს ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება მის მოთოკვას? ან ამ ქვეყნების ცენტრალური ბანკები რატომ ბეჭდავენ ჭარბი რაოდენობის ფულს? Aამ შეკითხვის პასუხიც მარტივია. ამ ქვეყნების მთავრობები ჭარბ ფულს უშვებენ გაწეული ხარჯების დასაფარავად.
როდესაც სახელმწიფო თავის შემოსავლებს ზრდის საბეჭდი დაზგის დახმარებით, ამით ის აგროვებს ინფლაციურ გადასახადს. ეს გადასახადი ჩვეულებრივი გადასახადისგან იმით განსხვავდება, რომ ის უშუალოდ არ ერიცხება ჩვეულებრივ შემოსავლებს და მის მოქმედებას ფარული ხასიათი აქვს.
საქართველოში 1998-1999 წწ. სავალუტო კრიზისის მიზეზის შესახებ ქართულ ეკონომიკურ ლიტერატურაში უკვე გამოიკვეთა კონცეპტუალური პოლუსები. ერთნი მიიჩნევენ, კრიზისის მთავარი წანამძღვარია ეკონომიკის მონეტიზაციის დონის სიმცირე, რომელიც იწვევს ლარის რეალურ სიძვირეს და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის დაცემას. მეორენი კი _ პირიქით, კრიზისის მაპროვოცირებელ ფაქტორად მიიჩნევენ მიმოქცევაში ჭარბი ფულის არსებობას. პროფ. რ. კაკულიას აზრით, საყურადღებოა შემდეგი მოსაზრება: საქართველოში სავალუტო კრიზისი განაპირობა გარეშე ფაქტორებმა. კერძოდ კი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - რუსეთის რუბლის უპრეცენდენტო დევალვაციამ, რომლის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე გადაეხლართა ქვეყნის შიგნით ქრონიკულად ქცეულ საბიუჯეტო დეფიციტს. აღსანიშნავია ის, რომ მცურავ გაცვლით კურსზე გადასვლით საქართველოში შენარჩუნებული იქნა ლარის სტაბილურობა, რამაც თავის მხრივ შექმნა წინაპირობები ქვეყნის საგადასახადო ბალანსის გაუმჯობესების და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების უზრუნველსაყოფად.
ამასთან, ქვეყანაში 2004 წლამდე გრძელდებოდა საბიუჯეტო კრიზისი. ეროვნული ეკონომიკის გამოცოხლების მიუხედავად, სულ უფრო იზრდებოდა ფინანსურ ბაზარსა და ეკონომიკის რეალურ სექტორს შორის გარღვევა. დღეისათვის სრულიად არადამაკმაყოფილებლად არის შესწავლილი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინსტრუმენტების გამოყენების მექანიზმები ინვესტორთა ფართო წრის დანაზოგების მობილიზაციის პროცესში, ეროვნული ეკონომიკის ინვესტორების ნაყოფიერების მიზნით. ამის გარდა, აუცილებელია სახელმწიფოს უფრო აქტიური მონაწილეობა ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების პროცესში, რათა ეფექტიანად იქნეს გამოყენებული ჩვენ ხელთ არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები.
ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გაბატონებულ პოზიციებს ინარჩუნებს უცხოური კაპიტალი. საბანკო სისტემა ჯერ კიდევ სუსტია. ბანკების ძირითადი ნაწილი ნომინალურად არსებობს და რეალური ეკონომიკისთვის სარგებლობის მოტანის ნაკლები შანსი გააჩნია.
საფონდო, სავალუტო და საკრედიტო ბაზრების განყენება სამეწარმეო სექტორისგან, დოლარიზაციის მაღალი დონე და კოლოსალური არგადახდები სამეურნეო ცხოვრების დამახასიათებებლი თავისებურებაა.
Gგარდამავალი ეკონომიკის თეორიისაგან განსხვავებით, ფინანსური სტაბილიზაციის თეორიის ძირითადი ელემენტია ანტიინფლაციური პოლიტიკა. Mმისი განხორციელება შეანელა ისეთმა ნეგატიურმა პროცესებმა, როგორიცაა:
1. ინფლაციური კრიზისი. (მაკროეკონომიკური დისპროპორციები, ღია ინფლაცია და მწვავე სასაქონლო დეფიციტი);
2. საგადასახდელო კრიზისის (ოქრო-ვალუტების რესურსების მწვავე დეფიციტი, ქვეყნის კრედიტუნარიანობის დაცემა);
3. სისტემური კრიზისი.
ბოლო 15 წლის მანძილზე, განსაკუთრებით 2003 წლის შემდეგ მიღწეული წარმატებები იმაზე მიუთითებს, რომ სერიოზული ცვლილებებია შესატანი არა მარტო ეკონომიკის სტაბილიზაციის პროგრამაში, არამედ ქვეყნის ანტიინფლაციურ პოლიტიკაში, რომელიც ამ პროგრამის ძირითადი ელემენტია.
A აუცილებელია ახლებურად შევხედოთ ფინანსური სტაბილიზაციის რეფორმებს საერთო ეკონომიკური კურსის ჩარჩოებში, ინსტიტუციური და სტრუქტურული გარდაქმნების განხორციელებასთან მჭიდრო კავშირში.
მთლიანობაში ქვეყნის ანტიინფლაციური პოლიტიკა, რომელიც ფინანსური სტბილიზაციის კონცეფციაში ძირითადი კომპონენტია, აუცილებლად უნდა განხორციელდეს პრინციპით: «კაპიტალის დაგროვება – მოთხოვნის გაფართოება _ წარმოებისა და დასაქმების ზრდა _ ბიუჯეტის შემოსავლების გადიდება _ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება _ ინფლაციის შემცირება”. ქვეყანაში დაბალანსებული ფულადი პოლიტიკის შემუშავება მოითხოვს გადავიდეთ ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლიდან ინფლაციისა და საბიუჯეტო დეფიციტის რეგულირების, ეკონომიკაში სტრუქტურულ და ინსტიტუციონალურ გარდაქმნათა სისტემის შემუშავებაზე.
იმისთვის, რომ სერიოზულ აღმავლობას მიაღწიოს ეროვნულმა ეკონომიკამ, აუცილებელია ხელისუფლებამ უპირველესად ჩამოაყალიბოს ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი და ამ მიზნის მიღწევის მიმართულებები, რომელთა განხორციელებასაც დაემორჩილება ნებისმიერი საოჯახო მეურნეობა, ფირმა თუ კორპორაცია, რა თქმა უნდა შესაბამისი საკანონმდებლო აქტების ამოქმედებით. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბება არსებით გავლენას მოახდენს ფინანსების მართვის სფეროზე სასაქონლო და ფინანსური ბაზრების მეშვეობით.
გამოყენებული ლიტერატურა
1. ბასარია რ., «საზოგადოებრივი მენტალიტეტი და საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პრობლემები საქართველოში.” სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნათა სტრატეგია და ტაქტიკა გარდამავალ პერიოდში (საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის მასალები.)
2. აბრალავა ა., «გლობალური სივრცის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე “ ჟ. «მოამბე” 2003. ტ. 1., გვ. 168.
No comments:
Post a Comment